• თქვენ არ გაქვთ მონიშვნები.

თქვენი სურვილების სია:0 განცხადება

შესვლა
ღიაა
  • ნანახია - 55

სამუშაო საათები

ღიაა UTC + 4
  • ორშაბათი 10:00 - 18:00
  • სამშაბათი 10:00 - 18:00
  • ოთხშაბათი 10:00 - 18:00
  • ხუთშაბათი 10:00 - 18:00
  • პარასკევი 10:00 - 18:00
  • შაბათი 10:00 - 17:00
  • კვირა 10:00 - 17:00

ლოკაცია

პარკის შესახებ

კოლხეთის ეროვნული პარკი შეიქმნა  1999 წელს, იგი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში.  მოიცავს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე  ნაბადისა და ჭურიის  უბნის მიმდებარე  აკვატორიის ნაწილს  და პალიასტომის ტბის აუზს. პარკი კოლხეთის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ეკოსისტემების დაცვისა და შენარჩუნების მიზნითაა შექმნილი. იგი გამოირჩევა ველური ფლორისა და ფაუნის მაღალი ბიომრავალფეროვნებით, ენდემური და რელიქტური სახეობების სიუხვით. აქ წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპის ლანდშაფტები, ცალკეული ეკოსისტემები და ცენოზები.

მისი საერთო ფართობია 44308,5 ჰა-ია, რომლიდანაც ზღვის აკვატორია 15276 ჰა-ს შეადგენს.

ეროვნული პარკი 5 ადმინისტრაციული რაიონის - ზუგდიდის, ხობის, სენაკის, აბაშისა და ლანჩხუთის ტერიტორიაზეა განლაგებული და საქართველოს ორი ისტორიული მხარის - სამეგრელოსა და გურიის ნაწილია.

კოლხეთის ეროვნული პარკი მიეკუთვნება დაცული ტერიტორიების  IUCN მეორე კატეგორიას. 1997 წლიდან მას იცავს რამსარის კონვენცია, რომელიც წარმოადგენს მთავრობათაშორის შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს მიგრირებად, მიმომფრენ და წყალმცურავ ფრინველთა საბინადროდ ვარგისი არეალების დაცვას.

კოლხეთის ეროვნულ პარკში სტუმრობა მთელი წლის მანძილზე რეკომენდებულია. მდინერეების, ჭურიისა და ფიჩორის ხეობაში, ასევე, პალიასტომისა და ოქროს ტბაზე შესაძლებელია დაგეგმოთ ნავებით, კატერით, პანტონით და კაიაკით გასეირნება, შემდგომ კი  კოლხური ტყისა და უნიკალური ჭაობების მონახულებას შეძლებთ. კოლხეთის ეროვნულ პარკში  100-ზე მეტ სხვადასხვა სახეობის გადამფრენ ფრინველზე დაკვირვებისთვის, სათვალთვალო კოშკურებია მოწყობილი.

პარკში განსაკუთრებით საინტერესოა პალიასტომის ტბა, შავი ზღვის აკვატორია, უნიკალური ჭაობები და კოლხური ტყე. კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია ვიზიტორებს  პალიასტომის ტბასა და მდ. ფიჩორის ხეობაში სანაოსნო ტურებს, ასევე სპორტულ თევზჭერას, ფრინველებზე დაკვირვებას (ბერდვოჩინგს) და ეკო-საგანმანათლებლო ტურებს სთავაზობს. 

ბიომრავალფეროვნება

კოლხეთის ჭაობები პირველ რიგში, თავის რელიქტური წარმოშობითაა მნიშვენლოვანი. ეს დაბლობი ნაშთია  კაინოზოური ხანის  იმ ტროპიკული და სუბტროპიკული ლანდშაფტისა, რომელიც დაახლოებით 10 მილიონი წლის წინ მთელი ევრაზიის კონტინენტზე უწყვეტ ზოლად იყო გადაჭიმული. კოლხეთს შემორჩა მცენარეები, რომელიც დღეს მხოლოდ შორეული ჩრდილოეთის ტუნდრისა და ტაიგის ჭაობიანი ეკოსისტემებისთვისაა დამახასიათებელი.

კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიები ბოტანიკური თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესოა. აქ შემორჩენილია ფლორისტული შემადგენილობით საკმაოდ მრავალფეროვანი, რელიქტური და ენდემური სახეობებით მდიდარი  სფაგნუმიანი ტორფნარების, , ბუნებრივი მტკნარწყლიანი ტბორების, ჭარბტენიანი მდელოების, დაჭაობებული  ტყეებისა და ქვიშიანი დიუნების ეკოსისტემების კომპლექსები.

ფლორა

კოლხეთის ჭაობები პირველ რიგში, თავის რელიქტური წარმოშობითაა მნიშვენლოვანი. ეს დაბლობი კაინოზოური ხანის ნაშთია - ტროპიკული და სუბტროპიკული ლანდშაფტისა, რომელიც დაახლოებით 10 მილიონი წლის წინ მთელი ევრაზიის კონტინენტზე უწყვეტ ზოლად იყო გადაჭიმული. კოლხეთს შემორჩა მცენარეები, რომელიც დღეს მხოლოდ შორეული ჩრდილოეთის ტუნდრისა და ტაიგის ჭაობიანი ეკოსისტემებისთვისაა დამახასიათებელი.

ჭაობებში ხარობს კოლხეთისათვის უცხო ბორეალური სახეობები – სფაგნუმის ხავსები (Spagnum imbricatum, Sp. palustre, Sp. acutiflium), მრგვალფოთოლა დროზერა (Drosera rotundiflora), ჩრდილოეთის ისლი (Carex lasiocarpa) და ალპური ზონის მცენარეები ისლი და შქერი (Rhododendron ponticum). დაჭაობებულ და ტენიან ტყეებში წარმოდგენილია მურყანი, ლაფანი, იმერული და ხართვისის მუხები თავისი კარგად განვითარებული მარადმწვანე ქვეტყით (კოლხური სურო და სხვ). დიუნების ქვიშიან ზოლში კი ხარობს ქაცვი, ძეძვი და სხვა.

მრავალფეროვანია წყალმცენარეების სახეობრივი შემადგენლობა. ტორფიანი ჭაობების პერიფერიულ ზოლში, ჭაობის მდინარეთა ხეობების გასწვრივ და აღმოცენებულ დაჭაობებულ ტყეებში 9-10 მ სიმაღლის კოლხურ-ჰირკანული მურყანი დომინირებს. აქ იშვიათად თუ გამოერევა ლაფანი, იმერული მუხა ან ნეკერჩხალი. დღემდე შემორჩა - სუროები, ლიანები, ეკალღიჯი, ბზა, იელი, შქერი, თაგვისსარა, ბაძგი და ძმერხლი.

კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიები ბოტანიკური თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესოა. აქ შემორჩენილია ფლორისტული შემადგენილობით საკმაოდ მრავალფეროვანი, რელიქტური და ენდემური სახეობებით მდიდარი ფიტოცენოზების კომპლექსები - ჭაობების, დაჭაობებული ტყეებისა და ზღვის სანაპიროს გასწვრივ მდებარე ქვიშიანი დიუნების განსხვავებული მცენარეული დაჯგუფებები. ფიტოცენოზების კომპლექსები ძირითადად წარმოდგენილია შემდეგი სახეობებით: რძიანა, ლურჯი ნარი, კოლხური ისლი, იმერული მაწაქი, გლერძა, ზღვისპირა დედაფუტკარა, ქოთანა, ძეძვი, კუნელი, ქაცვი და სხვა.

საქართველოს „წითელ ნუსხაში" შეტანილი სახეობები

იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობებიდან საქართველოს “წითელ ნუსხაში” შესულია: კოლხური მუხა (Quercus hartwissiana), ლაფანი (Pterocarya pterocarpa), და კოლხური ბზა (Buxus colchica). დაზიანებული ფლორის წარმომადაგენლებიდან ჩამონათვალშია: იფანი (Fraxinus exscelsior), ქართული მუხა (Quercus iberica) და თხმელა (Alnus barbata); ხოლო გადაშენების პირას მისული მცენარეთა სტატუსით ორი სახეობაა - ყვითელი ყაყაჩურა და ზღვის შროშანი.

 

 

 

 
ფაუნა

კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე 194 სახეობის ფრინველი ბინადრობს, აქ ასევე უამრავი ფრინველის ყოველწლიური მიგრაციის მარშრუტი გადის.

შემოდგომაზე - ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, გაზაფხულზე - თბილი ქვეყნებიდან თავიანთი ბუდობის ადგილებისკენ, ხოლო ზოგიერთი სახეობისთვის კოლხეთი გამოსაზამთრებელ ადგილს წარმოადგენს (უფრო სამხრეთით წასვლა მათ აღარ სჭირდებათ).

ოქტომბერში შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ სამხრეთისკენ მფრინავ მტაცებლებზე დაკვირვებაა შესაძლებელი. სამხრეთისკენ ზღვის ნაპირს მიუყვებიან სხვადასხვა სიმაღლეზე და სისწრაფით ჰაერში მოლივლივე - კაკაჩები, ძერები, კირკიტები, მარჯნები, შევარდნები, ძელქორები, კრაზანაჭამია, თეთრკუდა, ველის და ბექობის არწივები.

ზამთარში ჩრდილოეთიდან იხვების, ბატების, გედების, კოკონებისა და ჩვამების გუნდები მოფრინავენ.

ადგილობრივად გავრცელებულია შემდეგი სახეობები: ტყის ქათმები, კაუჭნისკარტა კრონშნეპები, მელოტები, კოკონები, ქოჩორები, თეთრშუბლა ბატები, სისინა და მყივანა გედი, ხუჭუჭა ვარხვი და დიდი მყივანი არწივი იზამთრებს. ძნელად თუ შეხვდებით - საქართველოს ფაუნის ულამაზეს ფრთოსანს – კოლხურ ხოხობს.

მსხვილი ძუძუმწოვრებიდან კოლხეთის ჭაობიან ჭალებს, ტყეებსა და ბარდებში გავრცელებულია: ტურა (Canis aureus), გარეული ღორი (Sus scrofa), შველი (Capreolus capreolus) და წავი (Lutra lutra).

კოლხეთის ბინადარი ამფიბიებიდან ყურადღებას იქცევს ვასაკა და ტბორის ბაყაყი.

ქვეწარმავლებიდან - ჩვეულებრივი და მცირეაზიური ტრიტონი, წყლის ანკარა, ესკულაპის მცურავი და ჭაობის კუა გავრცელებული.

ეროვნული პარკის ტერიტორიის იქტიოფაუნა თევზების 88 სახოებითაა წარმოდგენილი (23 გამსვლელი, 21 მტკნარი წყლის, ხოლო 44 შავი ზღვის თევზის სახეობაა). ხრტილოვანი თევზებიდან აღსანიშნავია ატლანტური ზუთხი, ხოლო ძვლოვანი თევზებიდან - შავი ზღვის ორაგული, ქაშაყი, ლობანი, ქარიყლაპია, სკუმბრია და სხვა.

საქართველოს „წითელი ნუსხის" სახეობები

აღსანიშნავია, რომ კოლხეთის ეროვნულ პარკში საქართველოს „წითელი ნუსხის“ 6 სახეობის ძუძუმწოვარია გავრცელებული. ზღვის ძუძუმწოვრები წარმოდგენილი არიან დელფინების 3 სახეობით: აფალინა (Tursiops truncatus), თეთრგვერდა დელფინი (Delphinus delphinus) და ზღვის ღორი (Phocoena phocoena).

პარკის წყლის ეკოსისტემებში გვხვდება: სვია (Huso huso), ფორეჯი (Acipenser sturio), ატლანტური ზუთხი (Acipenser stelatus), შავი ზღვის ორაგული (Salmo fario (truta) morpha), ღორჯო - მექვიშია (Gobius (Neogobius) fluvatilis) და მორევის ნაფოტა (Rutilus frisii).

ენდემური სახეობები

არსებული მონაცემებით დღეისათვის ეროვნულ პარკში 16 ენდემური წვრილი ძუძუმწოვარი ბინადრობს, მათგან აღსანიშანავია: აღმოსავლეთევროპული

ზღარბი (Erinaceus concolor), კავკასიური თხუნელა (Talpa caucasica), ჯუჯა ღამორი (Pipistrellus pipistrellus), ჩვეულებრივი ფრთაგრძელი (Miniopterus schreibersii), მცირე ტყის თაგვი (Sylvamus uralensis), კავკასიური ტყის თაგვი (Sylvaemus fulvipectus) და სხვ.

გაითვალისწინეთ

• მარშრუტზე გასვლის შესათანხმებლად მიმართეთ კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციას

• ტურები ხორციელდება მთელი წლის განმავლობაში

• ფრინველებზე დაკვირვებისათვის საუკეთესო პერიოდია  ადრეული გაზაფხული და გვიანი შემოდგომა.

• ვიზიტორთა უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, უამინდობის დროს ტურები არ ხორციელდება

ვიზიტორთათვის დაშვებულია

✔ მონიშნულ ბილიკზე ცხენით, ფეხით და მანქანით გადაადგილება

✔ სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობა

✔ საპიკნიკე და საკარვე ადგილებით სარგებლობა

✔ კოცონის დანთება სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში

✔ ფლორასა და ფაუნაზე დაკვირვება

✔ ფოტო და ვიდეო გადაღება

ვიზიტორებს ეკრძალებათ

✖ ცეცხლსასროლი იარაღის ან ნებისმიერი ისეთი ნივთის ტერიტორიაზე შეტანა, რომელიც საფრთხეს შეუქმნის გარემოს

✖ შინაური ცხოველების ტერიტორიაზე შეყვანა

✖ მცენარეების ან მისი ცალკეული ნაწილების, ქანების ან ნამარხი მასალების შეხება

✖ ფაუნის ნებისმიერი წარმომადგენლის დაჭერა, გამოდევნა ან რაიმე ზიანის მიყენება

✖ ინფრასტრუქტურის დაზიანება, კერძოდ ვანდალიზმი

✖ სპეციალური ნებართვის გარეშე ბუნებრივი და კულტურული მასალების შეგროვება

✖ საქართველოსთვის უცხო ორგანიზმების შეყვანა და გავრცელება

✖ შეზღუდული ხედვის პირობებში (ნისლი, მაღალი ბუჩქნარი ან ბალახები) სწრაფი გადაადგილება

✖ ცეცხლის დანთება (სპეციალურად გამოყოფილი ადგილის გარდა)

ფასიანი სერვისები
  • კარავი - 10 ლარი;
  • საკარვე ადგილი - 5 ლარი;
  • საკემპინგე ადგილი ავტომობილებისთვის - 15 ლარი; ყოველ დამატებით ადამიანზე - 5 ლარი
  • საპიკნიკე (პატარა) - 1 დღე - 30 ლარი;
  • საპიკნიკე (ბუნგალოს ტიპის) - 1 დღე - 50 ლარი;
  • საპიკნიკე (დიდი) - 1 დღე - 60;
  • საპიკნიკე ადგილი ფიჩორი/ ჭურია - 1 დღე- 15 ლარი
  • ტური კატერით მდ. ჭურიაზე - 100 ლარი;
  • ღამისთევა მდ.ფიჩორის ხეობაში არსებულ კოტეჯში - 1 დღე - 120 ლარი; 
  • კაიაკით გასეირნება ოქროს ტბაზე -  ორადგილიანი - 15 ლარი, ხანგრძლივობა (ორივე გზა) – 1 სთ, მარშრუტის სიგრძე (ერთი გზა) 500მ;
  • ნიჩბიანი ნავით გასეირნება ანაკლიაზე (ჭურიის უბანი): 1-3 ადამიანზე - 20 ლარი, ხანგრძლივობა 1 სთ
  • ჭოგრიტი: 10 ლარი
  • კაიაკით გასეირნება მდინარე ჭურია - ერთადგილიანი - 10 ლარი; ორადგილიანი - 15 ლარი, ხანგრძლივობა 1 სთ, მარშრუტის სიგრძე (ერთი გზა) 9 კმ;

ვიდეო

ქუჩის ხედი

Your email is safe with us.
Add Photos